ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია
პროგრამის ავტორები
ია კუტალაძე, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
შრომისა და ორანიზაციის ფსიქოლოგის მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული
პროგრამის მიზანი და კონცეფცია ეფუძნება, ერთი მხრივ, უნივერსიტეტის მისიასა და ხედვას და, მეორე მხრივ, მსოფლიოში უდიდესი პროფესიული ორგანიზაციის - შრომის/სამრეწველო და ორგანიზაციის ფსიქოლოგთა საზოგადოების (The Society for Industrial and Organizational Psychology- SIOP) - მიერ შემუშავებულ დარგობრივი მახასიათებლებსა და სტანდარტებს, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგთა მოსამზადებელი სამაგისტრო პროგრამებისთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს.
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, SIOP-ის ფილოსოფიასა და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგთა მომზადების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად (Guidelines for Education and Training in Industrial-Organizational Psychology; by Society for Industrial and Organizational Psychology (SIOP), Inc. 2016), ამზადებს მეცნიერ-პრაქტიკოსებს. როგორც მომავალი მეცნიერები, ისინი კვლევისა და პრაქტიკის საფუძველზე ავითარებენ და აფასებენ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიურ თეორიებს; როგორც პრაქტიკოსები, აფასებენ თეორიასა და კვლევით მონაცემებს და იყენებენ მათ პრაქტიკაში ორგანიზაციული კონტექსტის გათვალიწინებით. ამასთან, გაცნობიერებული აქვთ სამეცნიერო ცოდნის მნიშვნელობა და აქტუალობა წარმატებული პრაქტიკისთვის.
SIOP-ის დუალური ფილოსოფიის შესაბამისად, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში მეცნიერ-პრაქტიკოსების მოსამზადებლად სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს, მაგისტრებს:
- მისცეს სისტემური ცოდნა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში, განუვითაროს სამეცნიერო წყაროების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, სამეცნიერო სიახლეების მოძიებისა და საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი;
- გამოუმუშავოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი ორგანიზაციის ეფექტიანობის, სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპებისა და კორპორატიული მოქალაქეობის დამკვიდრების ხელშესაწყობად;
- განუვითაროს შეფასების, ინტერვენციების, მონიტორინგისა და კონსულტაციის უნარები, რათა დაეხმარონ ორგანიზაციებსა და დასაქმებულ პირებს პრობლემების გადაჭრაში, სამუშაო შედეგების გაუმჯობესებასა და ორგანიზაციულ ცხოვრებასთან ასოცირებული რთული პროცესების მართვაში;
- განუვითაროს კვლევის ვალიდური დიზაინის შემუშავების, კვლევის შედეგთა ანალიზის, ინტერპრეტაციის, კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავების უნარები;
- განუვითარის ეფექტური პროფესიული ურთიერთობების, მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეთიკური გადაწყვეტილების მიღებისა და ადამიანური რესურსის ეფექტურობის პროექტირებისათვის აუცილებელი უნარები.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, მაგისტრს ექნება საკმარისი კომპეტენცია იმისათვის, რომ პროგრამის დასრულებისთანავე სრულფასოვნად ჩაერთოს პრაქტიკულ საქმიანობაში და, ამასთან, გააგრძელოს კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობა.
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც ავტორიზებულ უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ასევე სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესსა და საჯარო ადმინისტრირებაში, ფილოლოგიაში ან/და აქვს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსის მართვის სფეროში, ამასთან, წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდის საკვალიფიკაციო მინიმუმი.
პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აპლიკანტი აბარებს შემდეგ გამოცდებს:
ერთიანი სამაგისტრო გამოცდა
გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე)
გამოცდა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე;
პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს თსუ სხვა ფაკულტეტის ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგსიტრო პროგრამის სტუდენტმა მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
ცოდნა და გაცნობიერება
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი:
- კრიტიკულად აანალიზებს შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებულ ცოდნას;
- კრიტიკულად მსჯელობს ინდივიდუალური, ჯგუფური და ორგანიზაციული ქცევის პრინციპების შესახებ, აანალიზებს ფსიქოლოგიური ცოდნის კრიტიკულ მნიშვნელობას ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვაში;
- კრიტიკულად მსჯელობს კვლევითი სტრატეგიების/მეთოდების, მონაცემთა მართვისა და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების, ტესტის შექმნის მეთოდოლოგიის, პიროვნებისა და ორგანიზაციის შეფასების მეთოდების შესახებ;
- აცნობიერებს სამუშაო ძალის კულტურული მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მნიშვნელობას, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგისთვის აუცილებელი ეთიკური პრინციპების, პროფესიული ნორმების, სტანდარტების და პროფესიის შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებების გათვალიწინების აუცილებლობას პროფესიულ პრაქტიკაში.
უნარები
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შეუძლია:
- შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში შეძენილი სისტემური ცოდნის გამოყენება ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციის ეფექტიანობას, სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპების და კორპორატიული მოქალაქეობის დამკვიდრებას;
- ორგანიზაციაში შეფასების, ინტერვენციებისა და მონიტორინგის (ინტერვენციების ეფექტიანობის შეფასების) სტრატეგიების შემუშავება და აუდიტორიისთვის შესაფერის, გასაგებ ენაზე გადმოცემა;
- კვლევითი საქმიანობის, მათ შორის, ორგანიზაციული კვლევის, დამოუკიდებლად დაგეგმვა, კვლევის დიზაინის შემუშავება, საკვლევი სფეროსთვის ადეკვატური კვლევითი სტრატეგიის, მეთოდის შერჩევა/გამოყენება და შედეგების კომპლექსური ანალიზი და კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება ორგანიზაციის წარმატების ოპტიმიზაციისა და თანამშრომელთა კეთილდღეობის ხელშესაწყობად;
- სხვების მიერ გაწეული სამუშაოს კრიტიკული მიმოხილვა, მათ შორის, დამატებითი ინფორმაციის მოძიება და გამოკვლევა, ლოგიკური ხარვეზების ძიება და პრობლემების ალტერნატიული გადაწყვეტის გზების შეთავაზება. კვლევით სტატიებში წარმოდგენილი მონაცემებისა და ინფორმაციის გააზრება და ორგანიზაციული პრობლემების გადაწყვეტაში მათი გამოყენება;
- ლოგიკური, ლაკონური, მომხმარებელზე ორიენტირებული და პროფესიონალური ზეპირი და წერილობითი საკომუნიკაციო უნარების დემონსტრირება. კონსტრუქციულ უკუკავშირზე არა თავდაცვითი, არამედ განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებული რეაგირება.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პროგრამა ორიენტირებულია პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის ღირებულებათა დამკვიდრებაზე.
პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შეუძლია:
- საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება ორგანიზაციაში თანამშრომელთა კეთილდღეობისა და ეფექტიანობის, ორგანიზაციული განვითარების ხელშესაწყობად. ეფექტური პროფესიული ურთიერთობების დემონსტრირება, პატივისცემა, ნდობა, ღია დიალოგი და თანამშრომლობა ყველასთან, განურჩევლად სტატუსის, განათლების, თვალსაზრისისა და პოზიციისა;
- დამოუკიდებლობის, ავტონომიურობის დემონსტრირება - მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეთიკური გადაწყვეტილების მიღება; პასუხიმგებლობის აღება პროფესიული ეთიკური ნორმების დაცვაზე,
- მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლასა და პროფესიული განვითარებაზე პასუხისმგებლობა.
კარიერული გზის მიუხედავად (პრაქტიკით არის დაინტერესებული, თუ სამეცნიერო/აკადემიური კარიერით), შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ამაზადებს მეცნიერ/პრაქტიკოსებს; მათი დასაქმების სფეროებია:
აკადემიური კარიერა: მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური კარიერით დაინტერესებულ მაგისტრებს ჰქონდეთ როგორც თეორიის, ასევე პრაქტიკის საფუძვლიანი ცოდნა იმისათვის, რომ დაგეგმოს მნიშვნელოვანი გამოყენებითი ღირებულების მქონე სამეცნიერო კვლევა. პროგრამა უზრუნველყოფს მათ ამ შესაძლებლობით. აკადემიური კარიერით დაინტერესებულ მაგისტრებს აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა შრომისა და ორგანიზაციის სადოქტორო პროგრამაზე, გახდნენ პედაგოგები და ჩაერთონ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ახალი თაობების სწავლების პროცესში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტებში, როგორც მკვლევრებმა, იმუშაონ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში.
პრაქტიკული კარიერა: შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრს, რომლის კარიერაც პრაქტიკას უკავშირდება, აქვს დასაქმების ფართო პერსპექტივა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში: კერძო სტრუქტურა, სახელმწიფო უწყება, საკონსულტაციო ორგანიზაციები, სპეციალიზებული კვლევითი ორგანიზაციები, მათ შორის, გამოყენებითი ხასიათის კვლევაზე ორიენტირებული საკონსულტაციო ორგანიზაციები, ტრენინგ ცენტრები, არასამთვარობო ორგანიზაციები და სხვა.
ყველა ტიპის ორგანიზაციას სჭირდება:
საკომუნიკაციო პროცესების აწყობა, სამოტივაციო პოლიტიკა, ჯგუფების ეფექტურობის პროექტირება, ორგანიზაციული ცვლილებები და განვითარება, ორგანიზაციული კვლევები და კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება
ადამიანური რესურსის მართვის ეფექტიანი პოლიტიკა და პრაქტიკა, პერსონალის შეფასება და შერჩევა, შერჩეული თანამშრომლის სოციალიზაცია, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა, ტრენინგისა და განვითარების აქტივობები, კარიერის მენეჯმენტი, საკომპენსაციო სისტემები, დამსაქმებლის ბრენდის მართვა და ა.შ.
ყველა ეს პროცესი შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგის კომპეტენცაის მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგები ადამიანური რესურსების მართვის სფეროს გამორჩეული სპეციალისტები არიან, რადგან მათ მიერ შეძენილი ადამიანური რესურსის მართვის პროცესების ცოდნა ეფუძნება შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის თეორიებს, სამეცნიერო კვლევებს; მათ აქვთ HRM პროცესებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა.
შესაბამისად, პროგრამის კურსდამთავრებულმა შეიძლება იმუშაოს შემდეგ პოზიციებზე: ორგანიზაციის ფსიქოლოგი, ადამიანური რესურსის მენეჯერი, პერსონალის შერჩევის მენეჯერი, პერსონალის შეფასების მენეჯერი, ტრენინგისა და განვითარების მენეჯერი, დამსაქმებლის ბრენდინგის სპეციალისტი, ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი და სხვა.
ძალიან მაღალია პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი. პროგრამის კურსდამთავრებულთა უდიდესი ნაწილი წარმატებით მუშაობს საჯარო ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურებში; ასევე, საკონსულტაციო ორგანიზაციებში